პროცესები
ვერდიქტი
პროექტები
გამოცემები
კვლევა
სასარგებლო ინფორმაცია
კონტაქტი
ძიება:
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

გახმაურებული ვერდიქტები


ამერიკის მართლმსაჯულების ისტორიაში პრეცედენტების სახით შევიდნენ  O.J. Simpson-ის, John Hinckley-ის,  Rodney King-ის, Mike Tyson-ის, My Lai-ის და სხვა საქმეები, რომლებსაც, “საუკუნის პროცესებად” მოიხსენიებენ და რომლებსაც საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 
  

O.JSimpson-ის საქმე

O.JSimpson-ის საქმე  ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური გახდა. ამ პროცესის მიმდინარეობის პერიოდში აშშ-მ დაკარგა 25 მილიარდზე მეტი, რადგან მოსახლეობა მასიურად ტოვებდა სამსახურს, რათა სიმპსონის სასამართლო პროცესის ტრანსლაციისთვის ედევნებინა თვალი. ეს პროცესი იმდენად მნიშვნელოვანი გახდა, რომ განაჩენის გამოცხადება პირდაპირი ეთერით გადაიცა და მას ამერიკის მოსახლეობის 91 პროცენტმა უყურა. შავკანიანი სიმპსონის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესს, რომელმაც რასობრივი შუღლის გაღვივებას პროვოცირება არ გაუკეთა, დღესაც “საუკუნის პროცესის” სახელით მოიხსენიებენ.   
 
 
 
პროფესიონალური ფეხბურთის ვარსკვლავი, სპორტული კომენტატორი და მსახიობი სიმპსონი სამართალდამცველებმა ცოლის ნიკოლ ბრაუნ-სიმპსონისა და მისი მეგობრის მკვლელობაში დაადანაშაულეს. სიმპსონის პროცესი 133 დღე გაგრძელდა და მასზე ჩვენება მისცა 150-მა მოწმემ. პროცესის ჩატარება 20 მილიონი დოლარი დაჯდა. სიმპსონმა აშშ-ში საუკეთესო ადვოკატები აიყვანა - სასამართლო პროცესზე მის ინტერესებს 11 ძვირადღირებული ადვოკატი იცავდა.
სიმპსონის ბრალდების გამაგრებაზე მუშაობდა ბრალმდებელთა 25-კაციანი ჯგუფი, რომელთაც ვერ შესძლეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ბოლომდე დარწმუნება, რათა სიმპსონისთვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოეტანათ. ხანგრძლივი საქმის მოსმენა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სამსაათიანი თათბირით დასრულდა და სიმპსონს გამამართლებელი ვერდიქტი გამოუტანეს. ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტით, შეჯიბრობითობის პრინციპში გაიმარჯვა დაცვის მხარემ, რომელმაც მოახერხა ბრალდების მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გაბათილება.
 
ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტით, ცნობილმა ფეხბურთელმა გადაიხადა 9 მილიონი დოლარის კომპენსაცია და 25 მილიონი დოლარის ჯარიმა, მაგრამ მიიღო თავისუფლება. ნაფიც მსაჯულთა ჟიურიმ ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილ სასჯელის უმაღლეს ზომას – სიკვდილით დასჯას მხარი არ დაუჭირა, რადგან ჩათვალა, რომ ბრალდებამ მყარი მტკიცებულებების წარდგენა ვერ მოახერხა.  
ნაფიც მსაჯულთა ჟიური არ მოექცა არც საზოგადოებრივი გავლენის ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ შავკანიანი სიმპსონის დასჯას, რომელსაც ბრალი ედებოდა თეთრკანიანი ცოლის მკვლელობაში, თეთრკანიან ამერიკელთა დიდი ნაწილი ითხოვდა.  
ო ჯეი სიმპსონი  2008 წელს კიდევ ერთხელ მოქცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში – წლების შემდეგ იგი ისევ განსასჯელის სკამზე კვლავ დაჯდა.
2008 წლის 4 სექტემბერს ლას-ვეგასის სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა ჯიურიმ სიმპსონს ვერდიქტი გამოუცხადა - იგი დამნაშავედ ცნეს შეიარაღებულ თავდასხმაში, ძარცვაში, ძალადობასა და ორი ადამიანის გატაცებაში. ნაფიცმა მსაჯულებმა 13-საათიანი თათბირის შემდეგ ამერიკული ფეხბურთის “ჩამქარალი ვარსკვლავი” პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდების 12-ვე ეპიზოდში დაადანაშაულეს.  
მანამდე, სანამ ნაფიცი მსაჯულები სათათბიროდ გავიდოდნენ, მოსამართლე ჯეკი გლესმა მათთვის სპეციალური განცხადება გააკეთა. მან მოუწოდა ჯიურის წევრებს, რომ მათ შორის თუ იყო ადამიანი, რომელსაც მიაჩნდა, რომ 1994 წელს ნაფიც მსაჯულთა მიერ გამართლებული სიმპსონი მაშინ დამნაშავე იყო, აეცილებინა ამჟამინდელი საქმე, რათა “ძველი გავლენის” ქვეშ არ მოქცეულიყო. 
დანაშაული, რომლისთვისაც სიმპსონი 2008 წელს გაასამართლეს 2007 წლის 3 სექტემბერს მოხდა. სიმპსონი მის თანამზრახველებთან ერთად ლას-ვეგასის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში შეიჭრა და თავს დაესხნენ სპორტული ნივთების კოლექციონერებს, რომლებიც გაძარცვეს.  
ნაფიც მსაჯულთა ჟიურის მიერ დამნაშავედ მიჩნეულ 47 წლის სპორტსმენს დარჩენილი ცხოვრების გატარება ციხეში მოუწევს. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის არსებობის თაობაზე მიმდინარე დავისას, სიმპსონისთვის 1994 წელს გამოტანილ გადაწყვეტილებას, როგორც ყველაზე სკანდალურ ამერიკულ ვერდიქტს, ექსპერტები დღესაც პრეცედენტის სახით განიხილავენ და მიიჩნევენ, რომ სიმპსონის საქმით დადასტურდა, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ნამდვილად “სამოქალაქო სასამართლოა”. 
ეს მოსაზრება სიმპსონისთვის გამოტანილი მეორე, გამამტყუნებელი ვერდიქტის შემდეგ კიდევ უფრო გამყარდა. ამის თაობაზე ამერიკული პრესა წერდა, რომ “ამერიკელმა ხალხმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სამართლიანად უწოდა სამოქალაქო სასამართლო და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა სიმპსონის საქმეზე გამოტანილი ორი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ვერდიქტით”. 


John Hinckley-ის საქმე

John Hinckley-ის საქმეAამერიკის მართლმსაჯულებაში ერთ_ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე გახდა. ექსპერტთა განცხადებით, ამ საქმეზე გამოტანილი ვერდიქტი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მოუკერძოებლობისა და აპოლიტიკურობის კიდევ ერთი დასტურია. 
ეს საქმე აღსანიშნავია იმით, რომ ჯონ ჰინკლი, რომელმაც ამერიკის პრეზიდენტ როლანდ რეიგანს ესროლა ნაფიც მსაჯულთა ჟიურიმ უდანაშაულოდ ცნო, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელთა დიდმა ნაწილმა ჰინკლისთვის გამოტანილი ვერდიქტი გააპროტესტა. ჰინკლის საქმეზე ჩატარებული გამოკითხვისას, ამერიკელთა 83-მა პროცენტმა განაცხადა, რომ აშშ-ში მართლმსაჯულება არ შედგა. საქმე ისაა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ვერდიქტის გამოტანამდეც მიიჩნევდა, რომ ამერიკის პრეზიდენტზე თავდამსხმელი უნდა გაესამართლებინათ. თუმცა, როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ამ საქმემ კიდევ ერთხელ გაამართლა სამოქალაქო სასამართლოს არსებობა, რაც იმაში გამოიხატა, რომ ნაფიც მსაჯულთა ჟიური არ მოექცა საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ.  ჰინკლი 1981 წლის 29 მარტს მომხდარი ფაქტის გამო დააპატიმრეს, მან ვაშინგტონში მდებარე სასტუმრო ჰილტონ-დან გამოსულ პრეზიდენტს რამდენჯერმე ესროლა. სასტუმროდან გამოსულ პრესიდენტს, რომელიც ლიმუზინისკენ მიემართებოდა ჰინკლიმ ჯერ დაუძახა, ხოლო შემდეგ ესროლა. 
ერთი ტყვია თავში მოხვდა პრეზიდენტის თანაშემწე ჯეიმს ბრედლის, მეორე ტყვიით დაიჭრა პოლიციელი, რომელიც პრეზიდენტის გვერდით იდგა, მესამე ტყვიამ კედელი დააზიანა, მეოთხე პრეზიდენტის პირად დაცვას გულში მოხვდა,  მეხუთემ პრეზიდენტის მანქანის მინა დაამსხვრია, ბოლო, მეექვსე ტყვია ამერიკის პრეზიდენტს გულ_მკერდის არეში მოხვდა. Dდაჭრილი პრეზიდენტი სპეციალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია გაუკეთეს.  
სასამართლო პროცესის მსვლელობისას დადგინდა, რომ გასროლამდე რამდენიმე დღით ადრე ჰინკლიმ გამოსამშვიდობებელი წერილი მიწერა მსახიობ ჯუდი ფოსტერს, რომელზეც ის უგზო-უკვლოდ შეყვარებული იყო. ის წერდა, რომ მოაწყობდა თავდასხმას პრეზიდენტზე, რათა მისი ყურადღება მიექცია. პროცესის მსვლელობისას ჰინკლიმ მოითხოვა მსახიობის მოწმედ მიყვანა, რომელმაც დაადასტურა, განსასჯელის მონათხრობი. Aაღსანიშნავია, რომ ჰინკლიმ პროცესზე ჯუდი ფოსტერს, რომელიც ჩვენებას იძლეოდა და ერთხელაც არ შეხედა მასზე შეყვარებულ განსასჯელს, ფანქარი ესროლა და დაემუქრა, რომ პირველივე შესაძლებლობის დროს, მას სასტიკად გაუსწორდებოდა. 
რამდენიმესაათიანი თათბირი ჰინკლისთვის გამოტანილი გამამართლებელი ვერდიქტით დასრულდა - ნაფიც მსაჯულთა ჟიურიმ ჰინკლი უდანაშაულოდ ერთხმად ცნო, თუმცა, იგი ფსიქიკურად დაავადებულად მიიჩნიეს. 
ნაფიც მსაჯულთა ჟიურიმ ჰინკლის გამართლების საფუძვლად მიიჩნია  მიზეზი -  მსახიობის, რომელზეც ჰინკლი შეყვარებული იყო, პირისპირ ნახვა და არ მიიღო ბრალდების მხარის მტკიცებულება, რომ განსასჯელს პრეზიდენტის მოკლვა განზრახული ჰქონდა და, ამიტომაც, ჰინკლი დამნაშავედ არ ცნო.  პრესა ჰინკლისთვის გამოტანილი ვერდიქტის თაობაზე წერდა, რომ: “სამოქალაქო სასამართლო არ შეშინდა და მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული იყო პრეზიდენტი სამართლიანი ვერდიქტი გამოიტანა.”   

 
 
 
 
My Lai-ის საქმე 

My Lai-ის საქმის განხილვა 4 თვის მანძილზე  გრძელდებოდა. საუბარია, 1968 წელს ვიეტნამის ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში My Lai-ში მომხდარ ტრაგედიაზე, რომლის დროსაც დაზარალდა 500 მშვიდობიანი ადამიანი – მათ შორის, მოხუცები, ბავშვები და ქალები. სოფელში ამერიკელი ჯარისკაცების სპეცრაზმი გაიგზავნა, რათა გაენადგურებინათ იქ მოქმედი პარტიზანული დაჯგუფება. ამერიკელმა ჯარისკაცებმა ვიეტნამის სოფელში ნამდვილი ომი გამართეს – დაცხრილეს მშვიდობიანი მოსახლეობა. სპეცოპერაციის გაგრძელება გახდა მეორე სოფლის დაცხრილვა, სადაც 700 ადამიანი დაზარალდა.  
My Lai-ის ინციდენტი ამერიკის მაშინდელი პრეზიდენტის ნიქსონის ყურადღების ცენტრში მოხვდა, თუმცა,  აშშ-ს პრეზიდენტს საზოგადოების მძაფრი რეაქციის შეეშინდა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში მონაწილე ჯარისკაცები სასამართლოს წინაშე წარსდგენენ.  
298 მოწმის დაკითხვა 4 თვის მანძილზე მიმდინარეობდა, მათმა ჩვენებებმა 20 ათასი ფურცელი შეადგინა. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, ნაფიც მსაჯულთა ჟიურიმ გაამართლა ყველა ჯარისკაცი, რომლებიც ბრალდებული იყვნენ 22 ეპიზოდში. ერთადერთი ბრალდებული, რომელმაც ყველაზე მკაცრი სასჯელი მიიღო, გახდა ლეიტენანტი უილიამ კელი. ამერიკის მართლმსაჯულების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სასამართლო განხილვა, უილიამ კელის გამტყუნებით დასრულდა – ნაფიც მსაჯულთა მიერ დამნაშავედ გამოცხადებულ ლეიტენანტს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.  
თუმცა, საზოგადოებრივმა გამოკითხვამ დაადასტურა, რომ ამერიკელთა უმრავლესობა კელისთვის გამოტანილ განაჩენს უსამართლოდ მიიჩნევდა. მოგვიანებით, ამერიკის პრეზიდენტის ბრძანებით, ლეიტენანტს შიდა პატიმრობა მიესაჯა და ის საპყრობილედან გამოუშვეს. მალევე კელი საერთოდ გაათავისუფლეს პატიმრობიდან.  
ამ საქმეს ერთ-ერთ ყველაზე პრეცედენტულ საქმედ მიიჩნევენ, რაც ექსპერტთა აზრით, იმაში გამოიხატება, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ვერ შეძლო გავლენა მოეხდინა ნაფიც მსაჯულთა ჟიურიზე, მიუხედავად სურვილისა, რომ აეცილებინა უილიამ კელისთვის მძიმე სასჯელი. რაც მოგვიანებით, მან განახორციელა კიდეც, თუმცა, სამოქალაქო სასამართლოსგან დამოუკიდებლად. 
 
რეკორდულ დროში გამოტანილი ვერდიქტები
         
ამერიკის პრეზიდენტის უილიამ მაკკინლის მკვლელის ლეონ ჩოგლოშის გასამართლებისთვის, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მხოლოდ ნახევარი დღე დასჭირდა. ვერდიქტის გამოტანის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა განაცხადეს, რომ სათათბირო ოთახში განცალკევებისა და იქ თათბირის გარეშეც კი  შეეძლოთ განსასჯელისთვის  გამამტყუნებელი ვერდიქტის  გამოტანა. 
5 წუთი და 48 წამი – სწორედ ეს მცირე დრო დასჭირდათ ნაფიც მსაჯულებს ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეზე ვერდიქტის გამოსატანად. საუბარია სარჩელზე, რომლითაც მომჩივანი ტეხასის შტატში მდებარე ერთ-ერთი ქარხნის მშენებლებს სამშენებლო სამუშაოების ჩატარების დროს უსაფრთხოების ზომების დაცვის იგნორიორებაში ადანაშაულებდა.  ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება მომჩივანის სასარგებლოდ გამოიტანეს.


ლორენა ბობიტის საქმე

1993  წელს, ამერიკულმა მართლმსაჯულებამ ლორენა ბობიტი გაასამართლა, რომელსაც მეუღლისთვის უმძიმესი დაზიანებების მიყენება ედებოდა ბრალად. მიუხედავად იმისა, რომ განსასჯელმა სასამართლო პროცესზე დანაშაული აღიარა და თავი დამნაშავედ ცნო, ნაფიცი მსაჯულთა ჟიურის წევრების მიერ ერთსულოვნად მიღებული ვერდიქტით, ის უდანაშაულოდ გამოცხადდა.      
"უდანაშაულოა," – ასეთი ვერდიქტი გამოუტანეს 1997 წელს ნაფიცმა მსაჯულებმა საკუთარი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ აირის პაინს. ძირითადად ქალებისგან შემდგარმა ნაფიც მსაჯულთა  ჟიურიმ ჩათვალა, რომ აირის პაინს ტირანი მეუღლისგან თავის დასაღწევად  სხვა გზა არ ჰქონდა. 

ამბავი მაკდონალდსში ცხელი ყავით მიყენებული დამწვრობისა


1994 წელს ალბუკვერკში, ნაფიცი მსაჯულები აღშფოთდნენ იმით, რომ შვიდასამდე საჩივრის მიუხედავად, მაკდონალდის მუშაკებმა არ ინებეს კლიენტებთან მისატანი დამფუფქველად ცხელი ყავის ოპტიმალურამდე განელება, რის გამოც, კლიენტმა ქალმა ყავის გადასხმის შედეგად მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო. ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტით, მოპასუხეს დააკისრეს 3 მილიონო დოლარის გადახდა. აქედან 160 ათასი მკურნალობის ხარჯები იყო, დანარჩენი სადამსჯელო სანქციები. რომ არა სხდომის თავმჯდომარე, რომელმაც თანხა 480 ათას დოლარამდე შეამცირა, ერთი ფინჯანი ყავის  გადასხმა ცნობილ ფირმას შეუსაბამოდ უზარმაზარი თანხა დაუჯდებოდა. 

სარეკორდო ფინანსური სანქციები ამერიკულად

ყველაზე რეკორდული იყო კომპანია "ტექსეკოსთვის" ორი გიგანტური ნავთობკომპანიის შერწყმაში არაკანონიერი ჩარევის გამო ნაფიც მსაჯულთა მიერ დაკისრებული ფინანსური სანქცია 10,53 მილიარდი დოლარი. მოგვიანებით, ეს თანხა სამ  მილიარდ დოლარამდე დავიდა. 
1989 წელს კი ნაფიცმა მსაჯულებმა  კომპანია "ექქსონს"  ალიასკაზე ნავთობის დაღვრით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის დააკისრეს 5 მილიარდი დოლარი. 
 
ყველაზე ცნობილი ნაფიცი მსაჯული 
       
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საქმიანობისას ყველაზე ცნობილ ნაფიც მსაჯულთა ვინაობაც გამოიკვეთა.  ჯილიან  გესი – 1995 წელს  მონაწილეობდა კანადის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიანი საქმის განხილვაში. საუბარია ორი ინდიელის მკვლელობაზე, რომლებიც ქუჩის ბანდიტებმა გამოასალმეს სიცოცხლეს. სასამართლო პროცესი 1995 წლის აპრილში დაიწყო. მაისში კი ჯილიანს ერთ-ერთი განსასჯელი შეუყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ კოლეგა ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოტანისას ჯილიანის აზრის საწინააღმდეგო აზრს კატეგორიულად გამოთქვამდნენ, მან მაინც შეძლო  ჟიურის წევრებზე გავლენის მოხდენა. ერთ-ერთ განსასჯელეზე შეყვარებულმა მსაჯულმა  ჟიურის მთელი შემადგენლობა დაარწმუნა  განსასჯელთა უდანაშაულობაში. 1995 წლის ოქტომბერში ნაფიც მსაჯულთა ჟიურიმ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც, განსასჯელები უდანაშაულოებად გამოცხადდნენ - ისინი ჯარიმის საფასურად გაათავისუფლეს. ცოტა ხანში კი თავად ჯილიან გესს მოუწია მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა, რადგან ის მიკერძოებულობაში და სხვა ნაფიც მსაჯულებზე ზეგავლენის მოხდენაში დაადანაშაულეს. 

ესპანელ “სახალხო მსაჯულთა” სკანდალური ვერდიქტები

ოტეგის საქმე

ერთ-ერთი პირველი სკანდალური პროცესი, რომელიც ესპანეთის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა, იყო ახალგაზრდა ბასკი ნაციონალისტის – მიქელ ოტეგის საქმე. ოპტეგი ბრალდებული იყო ორი ბასკი პოლიციელის მკვლელობაში.
1997 წლის 7 მარტს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ოტეგი გაამართლა. ცხრა მსაჯულიდან ხუთმა გამამართლებელ ვერდიქტს დაუჭირა მხარი და იგი შეზღუდულ შერაცხადად ცნეს. 
ჟიურის აზრით, მკვლელობა მიქელ ოტეგიმ ჩაიდინა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია სიმთვრალეში მის მიმართ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებულმა ძალადობამ. 
ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ, მოსამართლემ ბრალდებული დარბაზიდან გაათავისუფლა. ამ ვერდიქტით მთელი ესპანეთი შოკირებული იყო, რადგან საზოგადოების აზრით, ვერდიქტი არ შეესაბამებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და ამგვარი გადაწყვეტილების გამოტანა განპირობებული იყო ან ბასკი ნაციონალისტებისადმი სიმპათიით, ან მათი მხრიდან შურისძიების შიშით. 

ვანინჰოფის საქმე

მეორე გახმაურებულ საქმე, რომელიც ასევე, ესპანეთის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა, მართლმსაჯულების წარუმატებელ მაგალითად მიიჩნევენ. 
ეს არის ვანინჰოფის მკვლელობის საქმე. შემთხვევა მოხდა სამხრეთ ესპანეთში. 1999 წელს მოკლეს 19 წლის როსიო ვანინჰოფი. ნაფიცმა მსაჯულებმა, აღსანიშნავია, რომ მათი მონაწილეობით ჩატარებული პროცესი ძალიან დაძაბულ ატმოსფეროში მიმდინარეობდა, მკვლელობაში ბრალდებულად ცნეს მოკლულის დედის მეგობარი დოლორეს ვასკესი.  
თუმცა, მოგვიანებით ჩატარებული დნმ-ის ახალი ანალიზით დადასტურდა, რომ ნამდვილი მკვლელი იყო ინგლისელი ექსპატრიატი ტონი ალექსანდერ კინგი. 
პოლიციამ თავდაპირველად გამოავლინა ექვსი ეჭვმიტანილი. პირველი მათგანი გოგონას მეგობარი ანტონიო იყო, მაგრამ დაკითხვისთანავე ის გაათავისუფლეს. მეორე ეჭვმიტანილი იყო დოლორეს ვასკესი, რომელიც გარდაცვლილის დედის ახლო მეგობარი და საყვარელი იყო. 
დოლორეს ვასკესი ეჭვმიტანილად ცნეს. ის მრავალჯერ დაიკითხა, მაგრამ დანაშაული არ აღიარა. პირიქით, მან დაამტკიცა, რომ ის იმყოფებოდა გარდაცვლილის დედასთან სახლში და უვლიდა მას და მის ნათესავს და რამდენჯერმე დარეკა კიდეც ტელეფონით, რაც სატელეფონო კომპანიამ დაადასტურა. 
მიუხედავად ამისა, მკვლელობის გამო ადგილობრივ მოსახლეობაში განგაში იყო ატეხილი. ისინი ითხოვდნენ საქმის დროულად გადაწყვეტას. 
დოლორესის საქმე ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა. მანამდე ნაფიც მსაჯულებს რამდენიმე სკანდალურ საქმეზე ჰქონდათ ვერდიქტი გამოტანილი. 
საქმეში არსებული არა ერთი ფაქტობრივი გარემოება აბათილებდა დოლორესის მიმართ წაყენებულ ბრალდებას, მაგრამ პროკურორი მხარე დაჟინებით ამახვილებდა ყურადღებას დოლორესისა და გარდაცვლილის დედას შორის არსებულ არატრადიციულ ურთიერთობებზე. მოსამართლე არც კი ეცადა, რომ პროკური არაჯეროვანი გამოსვლები, რომელთაც არაფერი ჰქონდა საერთო ბრალდებასთან შეეცერებინა, საბოლოოდ კი,  ნაფიცმა მსაჯულებმა თავის ვერდიქტში სიტყვა-სიტყვით გაიმეორეს პროკურორის მოსაზრება და დოლორესი დამნაშავედ მიიჩნიეს როსიოს მკვლელობაში. 
დოლორესმა საქმე გაასაჩივრა ზემდგომ ინსტანციაში - სასამართლომ განაცხადი მიიღო და დაადგინა, რომ საქმის მასალები უნდა გადასინჯულიყო. ვიდრე ბრალდებული ციხეში იმყოფებოდა და სასჯელს იხდიდა, 2003 წლის აგვისტოში მოხდა მსგავსი მკვლელობა – 17 წლის სონია კარაბანტესი გაუჩინარდა. გამოძიებისას პოლიციამ აღმოაჩინა იგივე დნმ, რაც ფიგურირებდა როსიოს საქმეში, მაგრამ ვის ეკუთვნოდა ეს დნმ - უცნობი იყო. 
მოგვიანებით დადგინდა, რომ აღნიშნული დნმ ეკუთვნოდა ტონი ალექსანდერ კინგს, ინგლისელი ექსპატრიატს, რომელიც მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა სამხრეთ ესპანეთში. აღმოჩნდა, რომ მას ჰქონდა „მდიდარი” კრიმინალური წარსული და სასჯელსაც იხდიდა ინგლისში სექსუალური დანაშაულის ჩადენისათვის, შემდეგ მან შეიცვალა სახელი და დასახლდა ესპანეთში.
დოლორესის საქმის განხილვა ჯერ შეჩერდა, ხოლო შემდეგ საბოლოოდ შეწყდა და ის 17-თვიანი პატიმრობიდან გათავისუფლეს. 2005 წელს ტონი ალექსანდერ კინგს მიესაჯა 36-წლიანი პატიმრობა სონია კარაბანტესის მკვლელობისათვის. 2006 წელს ის დამნაშავედ ცნეს როსიო ვანინჰოფის მკვლელობაშიც და დამატებით მიუსაჯეს 19 წლით პატიმრობა.

ნაფიც მსაჯულთა ტაში, გამართლებული ლეგენდარული კრიმინალი და გასაჩივრებული გამამართლებელი ვერდიქტი
 
“კაპიტან ულმანის საქმე” ნაფიც მსაჯულთა ჟიურის მიერ გამოტანილი ვერდიქტის გამო რუსეთის მართლმსაჯულების სისტემაში ყველაზე სკანდალურად მოინათლა. 
2002 წლის 11 იანვარს ჩეჩნეთში, შატოის რაიონში რუსეთის სპეცსამსახურები “დაჭრილი ხატაბის” დასაკავებლად, სადაზვერვო სამსახურის გენერალური შტაბის ჯგუფი სპეცოპერაციას ატარებდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა კაპიტანი ედუარდ ულმანი. სპეცოპერაცია უშედეგოდ დასრულდა, ჯგუფმა ხატაბის კვალს ვერ მიაგნო. ჯგუფს შემთხვევით გამვლელი “უაზის” მარკის მანქანა წამოეწია, რომელშიც ექვსი მგზავრი ისხდა. ულმანის ბრძანებით, ჯგუფის წევრებმა მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რადგანაც კაპიტნის ბრძანებას მძღოლი არ დაემორჩილა და მანქანა არ გააჩერა. სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებმა მანქანიდან გადმოიყვანეს მგზავრები და ჯერ 69 წლის სკოლის დირექტორი საიდ მაგომედ ალასხანოვა დახვრიტეს, ორი საათის შემდეგ კი, სხვა მგზავრები. კვალის დაფარვის მიზნით, ულმანის ბრძანებით, მანქანა, დახვრეტილ მგზავრებთან ერთად დაწვეს. 
საქმე გაიხსნა და კაპიტანი ულმანი და ჯგუფის სხვა წევრები დააპატიმრეს. ხანგრძლივი გამოძიება და სასამართლო პროცესი ყველასთვის მოულოდნელი შედეგით დასრულდა – ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამამართლებელი ვერდიქტით, კაპიტანი ულმანი და მისი ჯგუფის წევრები, რომელთაც 6 უდანაშაულო ადამიანის, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობაში ედებოდათ ბრალი, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ნაფიც მსაჯულთა მოტივი ასეთი იყო – კაპიტანმა ულმანმა და მისი ჯგუფის წევრებმა სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელობის ბრძანება შეასრულეს, რადგან მანქანის მძღოლი სპეცრაზმელთა მოთხოვნას, მანქანის გაჩერების შესახებ არ დაემორჩილა. 
“რა მოხდა ჩვენს ქვეყანაში? ეს ვერდიქტი კატასტროფულად ცინიკურია, ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს მკვლელები, რომელთაც უდანაშაულო ადამიანები დახვრიტეს, ნაფიცმა მსაჯულებმა შეასრულეს პოლიტიკური შეკვეთა. ეს იყო ჩეჩენთა წინააღმდეგ განხორციელებული კიდევ ერთი პოლიტიკური აქტი,” – ასეთი შინაარსის პუბლიკაციები დაიბეჭდა რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში. პრესა “ულმანის საქმეზე” ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებულ ვერდიქტს ცალსახად უარყოფითად შეხვდა. 
12-დან 7-მა ნაფიცმა მსაჯულმა გამართლებულ ულმანს ტაშიც კი დაუკრეს. მიუხედავად აშკარა მტკიცებულებებისა, ნაფიცმა მსაჯულებმა განსასჯელები გაამართლეს. ანუ, ნაფიცმა მსაჯულებმა არსებული საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ წასვლა ვერ გაბედეს, რის გამოც, “ულმანის საქმემ” რუსეთში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს იმიჯი შეურყია.
იგივე მოხდა ლეგენდარული “კანონიერი ქურდის” ვიაჩესლავ ივანკოვის - “იაპონჩიკის” საქმესთან დაკავშირებითაც. ცნობილი კრიმინალი, რომელსაც წლების წინათ ამერიკის სასამართლომ ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯა, რუსეთში ნაფიც მსაჯულთა ჟიურიმ ერთხმად უდანაშაულოდ მიიჩნია. თურქეთის მოქალაქეების მკვლელობაში ბრალდებული ივანკოვი  ნაფიც მსაჯულთა ჟიურიმ გაამართლა. ამ ფაქტთან დაკავშირებით მოსკოვის პროკურატურამ თავად გამოთქვა ეჭვი, რომ “იაპონჩიკმა” მოახერხა ჟიურის შემადგენლობის მოსყიდვა. 
“მადლობა თქვენ,” - ასე დაემშვიდობა ნაფიც მსაჯულთა 12-კაციან ჟიურის მათ მიერ უდანაშაულოდ გამოცხადებული ივანკოვ-იაპონჩიკი, ნაფიც მსაჯულთა ჟიურიმ  გაამართლა “ფორბსის” რუსულენოვანი გამოცემის მთავარი რედაქტორის პოლ ხლებნიკოვის მკვლელობაში ბრალდებულებიც. ნაფიცმა მსაჯულებმა მიიჩნიეს, რომ პროკურატურამ ბრალდებულთა დასადანაშაულებლად საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარადგინა. 
ნაფიც მსაჯულებთა ჟიურიმ გამამართლებელი ვერდიქტი გამოუტანა  "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ბრალდებულებს. თუმცა, განსასჯელებისთვის გამოტანილი გამამართლებელი ვერდიქტი მოგვიანებით გააუქმეს. ეს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც საკასაციო სარჩელით  გენერალურმა პროკურატურამ მიმართა. რუსეთის გენერალური პროკურატურამ საკასაციო საჩივარში განაცხადა, რომ   ნაფიცმა მსაჯულებმა ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ბრალდებულებს ვერდიქტი შეცდომით გამოუტანეს.  
"ნაფიც მსაჯულებზე არასწორი ზეგავლენა განსასჯელების ადვოკატებმა მოახდინეს. მათ სასამართლო პროცესის მსვლელობისას უკანონო მეთოდები გამოიყენეს. გარდა ამისა, ნაფიც მსაჯულებზე ხდებოდა ემოციური ზეწოლა, როგორც განსასჯელების, ასევე მათი ინტერესების დამცველების მხრიდან. ეს ყველაფერი კი ვერდიქტზე აისახა. არადა, მკვლელობაში სწორედ ეს განსასჯელები მონაწილეობდნენ. ჩვენ გვაქვს ამის უტყუარი, მყარი დამატებითი მტკიცებულებები და არგუმენტები," – ნათქვამი იყო პროკურატურის საკასაციო საჩივარში, რომელიც, უმაღლესმა სასამართლომ დააკმაყოფილა და საქმე განსახილველად ახალ შემადგენლობას გადასცა. ანა პოლიტკოვსკაიას ოჯახის წევრები კი აცხადებდნენ, რომ  ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი სამართლიანი იყო, რადგან პროკურატურას განსასჯელების ბრალეულობის დამადასტურებელი არამყარი მტკიცებულებები ჰქონდა. ექსპერტებისა და  იურისტების მოსაზრებით კი, ნაფიცი მსაჯულების დადანაშაულება უსამართლო ვერდიქტის გამოტანაში ნიშნავს, იმას, რომ მხარე – სახელმწიფო, მისი საგამოძიებო ორგანოების სახით  ჯერ კიდევ მზად არ არის ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტისთვის, როგორიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოა. 
სიახლეების გამოწერა

 

Created By: Pro-Service ვებგვერდი მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDT) სასამართლო ხელისუფლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში.